„სისტემა MIR- ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.
ეროვნული ბანკი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბათუმში, გალიფ ოზთურქის სავაჭრო ცენტრმა, გადახდის სისტემაში რუსული Мир დაამატა.
„კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა MIR- ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება.
შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა.
მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“, - აცხადებს სებ-ი.