საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მარგველაშვილი ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ კონსტიტუციის დასაცავად 3 პრეზიდენტი გაერთიანდება.
„ჩვენ ვხედავთ კაპიტულანტური მთავრობის მცდელობას, რომ ყველა გააჩეროს და გააჩუმოს იმ პროცესში და ემზადებიან იმისთვის, რომ რუსეთს გადასცენ საქართველო, გადაუფორმონ და ამ ნოტარიულ აქტში ყველა უნდა იყოს გაჩუმებული. სხვანაირად, პოლიტიკურად ეს არაფერს არ შეიძლება ნიშნავდეს. აქედან გამომდინარე, მე გამოვიყენებ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს, ჩამოვაყალიბებ ჩემ პოზიციას, იმისთვის, რომ დავიცვათ კონსტიტუცია.
კარგი იქნება თუ ამ პროცესს შემოუერთდება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამივე შევძლებთ, რომ კონსტიტუციის დასაცავად გაერთიანდეს სამი პრეზიდენტი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.