პარტია „ლელოს” წევრები სალომე სამადაშვილი და ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდებიან.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, შეხვედრაზე განსახილველი საკითხის შესახებ ისაუბრა.
„ევროკავშირში ძალიან ინტენსიურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ ის პროცესი, რაც თან ახლავს განაცხადის შეტანას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მხრიდან.
ჩვენ საქმე გვაქვს არაორდინალურ ვითარებასთან და შესაბამისად, დღეს ევროკავშირშიც მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოძრაოს ევროკავშირმა წინ ამ საკითხზე, რადგან უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ერთის მხრივ, დღის წესრიგში დგას დაჩქარება ამ პროცესის და მეორეს მხრივ, არსებობს კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირის ელჩთან მიმოვიხილოთ ის პროცესები, რაც ახლა მიდის ევროკავშირში და ასევე ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს და ვერ მოხდება იმის გარეშე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელოს ის რეფორმები, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობაში, რის შედეგადაც ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას.
ამ შეთანხმებას ჰქვია „საქართველოს გზა ევროპისკენ“ და სწორედ ამაზე ვაპირებთ საუბარს ელჩთან, თუ რა არის ის გადაუდებელი ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რათა საქართველოს ჰქონდეს წარმატება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.