თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, უსაფრთხოების საბჭოს შეკრება საჭირო არ იყო.
როგორც მან აღნიშნა, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრთან ასეთი საკითხების განსახილველად „მუდმივ რეჟიმში იკრიბებიან“.
„ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები პრემიერთან, გავდივართ იმ მოვლენებს, იმ შესაძლო შედეგებს, რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში განვითარებულ ომს. ჩვენი უწყების მასშტაბით ვიმუშავეთ ჩვენს ნაწილზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ნაწილი არის სრულად ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალში, უსაფრთხოების საბჭოზე დავასრულებთ ამაზე მუშაობას.
ჩვენ გამოვეცით თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი და 2021-2025 წლების (4-წლიანი) გეგმა. ეს არის საჯარო დოკუმენტები და შეგიძლიათ ნახოთ, სადაც განსაზღვრულია ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტებიც. ასევე, იცით, რომ 2019 წლიდან პრიორიტეტად იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და ესეც დარჩება ჩვენს პრიორიტეტად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.