„მოსახლეობის ნაწილი მშვიდობას ემხრობა, მეც ვემხრობი მშვიდობას, მაგრამ ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის მარცხი პროცესში ავტომატურად ნიშნავს საქართველოს მარცხს“, - ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, რაც არ უნდა გააკეთოს, უკრაინის მარცხის პირობებში, ჩვენი ბედი გადაწყვეტილია.
„არის ხოლმე ისტორიული მომენტი, როდესაც, სამწუხაროდ, ასე ხდება, რომ სახელმწიფოების ბედი ერთმანეთს გადაეჯაჭვება ხოლმე და პირდაპირ დაკავშირებულია ერთმანეთთან. დღეს თუ უკრაინის თავისუფლებას რამე დაემუქრა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება თბილისში ხელისუფლებაში, საქართველოც აღმოჩნდება მსხვერპლი. ვერაფერი ვერ გადაარჩენს საქართველოს უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, რადგან ჩვენ ახლა გააფთრებით უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჯერ ერთი ჩვენი ხმა ისმოდეს, როგორც უკრაინელების ხმა ისმის. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც ზელენსკის ხმა ისმის და ჩვენც უნდა ვიყოთ თანამონაწილე უკრაინის გამარჯვების პროცესში“, - განაცხადა ხიდაშელმა „პალიტრანიუსთან“.