უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხმაურება.
სამინისტრო მიუღებელს უწოდებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს მაშინ, როცა ისინი უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.
„ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალები რაკეტებითა და ბომბებით თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს, უკიდურესად მიუღებელია.
მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ ჩამოშორდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელისუფლებაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ჩადის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში. რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა მათ დამატებით რესურსს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გასაგრძელებლად და ამ გზით მიღებული მოგება გაჟღენთილია მოკლული უკრაინელების სისხლით.
2008 წელს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელებები, რომლის გავლაც ახლა უკრაინელებს უწევთ. ამავდროულად, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დაავიწყდა და ცდილობს, რომ მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს“, - ნათქვამია განცხადებაში.