„უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვი“, - ამის შესახებ რომა ქათამაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახლში ჯდომას მტრის შეჩერება ურჩევნია.
„ჩემს ირგვლივ არ იგრძნობა პანიკა. ჩვენ გავდივართ ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს. დიდი ხანია ომია, დაძაბული არიან და ცოტა შეგუებული არიან, ჩემი აზრით, სიტუაციას.
ყველა მიდი-მოდის, მოძრაობს, პანიკა არ იგრძნობა. ადამიანები სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ მტერს, თუ ის შემოვიდა უკრაინაში. ძალიან მოწადინებული სწავლობენ ყველაფერს.
უკრაინაში ქალებიც მზად არიან ომისთვის. ჩემს ცოლსაც სურდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ჩემი ცოლი უკრაინელია, 8 თვის წინ დავქორწინდით.
მირჩევნია, ჩემს ოჯახს მშვიდად ეძინოს და მე თუ აქ დავიღუპები. ადამიანი თუ დაიღუპება, იმასაც აზრი უნდა ჰქონდეს, ხო? მე სახლში ვიყო და მტერი კარს მომდგომია, მაგას ჯობია მტერი შევაჩერო, სადამდეც შევაჩერებ, სანამ შემოვა ქვეყანაში.
აქ თუ რუსეთი შემოვიდა, ანალოგიურად საქართველოში შემოვა, საქართველოსაც აიღებს. ნახევარი საქართველო წაგვართვა რუსეთმა.
მე ასეთი ხედვა მაქვს: რუსეთს არც ჩვენ მოვწონვართ და არც უკრაინელები. რუსეთს არ მოსწონს ის, რომ ჩვენ შეიძლება განვითარდეთ, უნდა, რომ ბატონ-პატრონობდეს ყველაფერს, მასზე ვიყოთ დამოკიდებული. რუსეთი შეჩვეულია უფროსობას“, - ამბობს რომა ქათამაძე.