„პრეზიდენტის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო წინასწარი კონსულტაციები, უხერხულობას ავცდებოდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე, 5 მარტისთვის არ იმყოფებოდა საქართველოში, ასევე იყო კვორუმის კუთხით სერიოზული სირთულეები.
„წინასწარი რომ ყოფილიყო კონსულტაციები თარიღთან დაკავშირებით, ამ უხერხულობას ავცდებოდით, არ იყო სამწუხაროდ ეს კონსულტაციები, ისე გააჟღერა საჯაროდ პრეზიდენტმა თარიღი.
ამ დროს აღმოჩნდა რა - თითქმის ყველა წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე, 5 მარტისთვის არ იმყოფებოდა საქართველოში, თბილისში, ასევე იყო კვორუმის კუთხით სერიოზული სირთულეები. ზოგადად დეპუტატები, მაჟორიტარები, მათ შორის საგარეო კუთხით, ზოგადად არგებენ სასესიო გრაფიკს და ასეთ დროს, როდესაც წინასწარ არ კითხულობ, ასეთი უხერხულობა მარტივად შეიძლება შეიქმნას.
ჩვენ გვინდა, რომ სრულფასოვანი სხდომა ჩატარდეს.
პრეზიდენტს შეუძლია, გამოიყენოს სხვადასხვა ფორმატი. პრეზიდენტს თუ სურს, პოლიტიკურ ჯგუფებს ან საზოგადოებას გააცნოს, რა გზავნილებით ჩამოვიდა ევროპიდან, ამის გაკეთება შეიძლება სხვადასხვა ფორმატში.
ყოველწლიური მოხსენება არ არის ამისთვის. ამისთვის პრეზიდენტს აქვს უამრავი სხვა საშუალება. წინასწარი კონსულტაციები რომ ყოფილიყო, მარტივად ავცდებოდით ამ უხერხულობას.
9 აპრილი იყო შეთანხმებული დაახლოებით ერთი თვის წინ. პრეზიდენტმა როცა მოისურვა ამ თარიღის შეცვლა, კიდევ ერთი კონსულტაციები უნდა გამართულიყო, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მას მიემართა პარლამენტისთვის, კონსულტაციებისთვის, ამის მაგივრად მან საჯაროდ გამოაქვეყნა თავის განცხადება 5 მარტს პარლამენტში მოსვლაზე.
რატომ მოხდა ეს, არ ვიცი, შეიძლება ტექნიკური მიზეზი იყო, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მცირე გადაცდომამ შექმნა ის უხერხულობა, რომელიც შეიქმნა.
პრეზიდენტს აქვს თავისი განსაზღვრული ჩარჩო საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. მას შეუძლია, ამ ფარგლებში დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს და ახორციელებს ორი ორგანო, ეს არის პარლამენტი და ეს არის მთავრობა.
მაგრამ, თუ პრეზიდენტს დასჭირდება ჩვენთან კონსულტაციები, ამ თემებზე ჩვენ ყოველვის მზად ვართ“, -განაცხადა კობახიძემ.