თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მისულ ქართველ ხალხს ყოფილმა ფეხბურთელმა, არჩილ არველაძემ მიმართა.
აჩი არველაძის მიმართვის ტექსტი სცენაზე მიშა მშვილდაძემ წაიკითხა.
„ჩემთვის უჩვეულოა ასეთ საკითხზე ამ ფორმატში საუბარი, მაგრამ არ შეიძლებოდა ჩემი ადამიანური მხარდაჭერა არ გამომეხატა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკანასკნელი 1 კვირის მანძილზე წარმოუდგენელ გმირობასა და გამძლეობას იჩენს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინელებს აქვთ მიზანი, სხვა შემთხვევაში ასეთ დიდ ბოროტებას ამხელა წინააღმდეგობითა და ერთსულოვნებით ვერ დაუპირისპირდებოდნენ, ვინ თუ არა ჩვენ, ქართველებმა და საქართველოს მოქალაქეებმა, ვიცით ამ ბოროტების ძალაც და მისგან გამოწვეული ტრაგიკული შედეგებიც, რომელიც არა 10, 20 ან 30, არამედ 200 წელზე მეტია გრძელდება.
და ახლა, როცა ომის მასშტაბებიც უფრო დიდია და ბოროტების რეალური სახე მთელი მსოფლიოსთვის თვალსაჩინოა, მნიშვნელოვანია იმ იდეების ერთგულებად დავრჩეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც უკრაინას, მშვიდობასა და განვითარებას მოუტანს.
ჩვენი არჩევანი არა კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერით, არამედ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ტოლერანტობით, კულტურითა და დამოკიდებულებებით დავამტკიცეთ და მჯერა, ამას ჩვენი ევროპელი მეგობრებიც აფასებენ. ჩვენ დიდი ტანჯვა გადავიტანეთ, რომ დავიბრუნოთ ადგილი, რომელიც გვეკუთვნის და ვიყოთ იმ სივრცის სრულფასოვანი ნაწილი, რომელსაც 100 წლის წინ ძალადობით მოგვწყვიტეს.
საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ თავისუფალი სამყაროს წევრები. მინდა, უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ მათ ქართველი ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა მყარად აქვთ. ჩვენ ვფიქრობთ მათზე და განვიცდით მათ ტკივილს.
მჯერა, რომ ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, გამარჯვებით დასრულდება. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, გაუმარჯოს გმირებს“, - ნათქვამია მიმართვაში.