„ჩვენთვის მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაუწესა რუსეთს სანქციები და ჩვენ ამას არ ვმალავთ“, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ „ფორმულასთან“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ელოდა, რომ საქართველო მიმდინარე ომის პერიოდში, მეგობარი ქვეყნისთვის უფრო მკაფიო და აქტიურ ნაბიჯებს გადადგამდა.
„საქართველო ჩემთვის იყო უდიდესი მეგობარი, ძალიან ახლო კავშირი გვაქვს საქართველოსთან მიუხედავად ყველაფრისა და ამ მეგობრობის ერთგული ვართ. როდესაც ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე, ომის წინაშე დავდექით, მოველოდით რომ საქართველო უფრო აქტიურად დაგვეხმარებოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი არ უშვებენ მოხალისეებს საქართველოდან უკრაინაში, ეს ძალიან სამწუხაროა. პოლიტიკა უნდა გადაიდოს გვერდით, ჩვენ ადამიანები უნდა ვყოთ, ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება“, - განაცხადა იასკომ.
რადას დეპუტატმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავისი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი სჭირდება. იასკოს თქმით, სააკაშვილმა იცის, როგორ უნდა იბრძოლოს პუტინის წინააღმდეგ.
„ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ამ დროს დატყვევებულია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ის ძალიან გვჭირდება უკრაინაში მისი გამოცდილებით და ცნობიერებით. მან იცის, როგორ უნდა ებრძოლოს პუტინს. ჩვენ ის უკრაინაში გვჭირდება და არ გვესმის, რატომ ტოვებს მას ციხეში საქართველოს მთავრობა. ის პუტინის პატიმარია. საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს მისი გაგზავნა უკრაინაში“, - განაცხადა ლიზა იასკომ „ფორმულასთან“.