„დღეს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი - დაწყებულია ამ პროცესის დაზიანება”, - ამის შესახებ „სტრარატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით მე-5 კოლონა მთელი ძალით იბრძვის და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მანჯგალაძე ამბობს, რომ ვინც ასე საუბრობს, ის არის საქართველოს მტერი.
„დღეს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არ ნიშნავს გაწევრიანებას, მაგრამ ძალიან დიდი ნაბიჯია გაწევრიანების გზაზე. ჩვენი გუნდი სრულ მხარდაჭერას ვაცხადებთ ამ პროცესის მიმართ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების ან პარტიის დამსახურება, ეს არის საუკუნეების მანძილზე იმ ხალხის დამსახურება, რომელსაც აგრძელებს ჩვენი თაობა. დაწყებულია ამ პროცესის დაზიანება. მთელი ძალით მე-5 კოლონა ებრძვის ამ იდეას და ამბობენ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან თურქეთი 1987 წლიდან წევრობის კანდიდატია. ამბობენ, რომ ეს მოახდენს რუსეთის დამატებით პროვოცირებას და აპირებენ, რომ შეაშინონ ხალხი, ამბობენ, რომ საქართველო დაკარგავს ევროკავშირში იდენტობას - იცოდეთ, რომ ვინც ასე საუბრობს, ის არის საქართველოს მტერი და მე-5 კოლონის წარმომადგენელი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.