მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, ამას არ გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოხალისეების გადასაყვანად გამოგზავნილ სპეციალურ რეისს დაფრენის ნებართვა არ მისცა.
„რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.