პატიმრობაში მყოფმა სტამბოლის მერმა საპრეზიდენტო პრაიმერიზში 15 მილიონამდე ხმა მიიღო

პატიმრობაში მყოფმა სტამბოლის მერმა საპრეზიდენტო პრაიმერიზში 15 მილიონამდე ხმა მიიღო

24-03-2025, 09:40 - 2025
2 140
       

კვირას, 23 მარტს, თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონმა ამომრჩეველმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ აირჩია.
 

„დღევანდელ პრაიმერიზში 14 მილიონ 850 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა იმამოღლუს“, - განაცხადა CHP-ის ლიდერმა ოზგურ ოზელმა სტამბოლში საპროტესტო გამოსვლისას.

იმამოღლუ ერთადერთი კანდიდატია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიიდან და ითვლება თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ ოპონენტად.
 
ოზგურ ოზელმა ქვეყნის მთავარი მედიასაშუალებები პროტესტის გაუშუქებლობის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ხალხისგან ფინანსდებიან, თუმცა მხოლოდ მთავრობას ემსახურებიან.
 
შეგახსენებთ, რომ უკვე მეხუთე დღეა თურქეთში პროტესტი გრძელდება. სტამბოლის მერის და ერდოღანის მთავარი კონკურენტის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გასაპროტესტებლად ასეულობით ათასი მოქალაქე დღესაც გამოვიდა. აქტივისტები მარშებს მართავენ სტამბულში, ანტალიაში, იზმირსა და ანკარაში და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამავდროულად გრძელდება შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. სპეცრაზმი მომიტინგეებს სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლის და აკავებს.
 
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ექრემ იმამოღლუს დროებითი ღონისძიების სახით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
 
იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. თავად მერმა ამას „დაცინვა“ უწოდა და ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. იმამოღლუს კორუფციის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ტერორიზმის საქმეზე კი სასამართლო კონტროლის ქვეშ გაათავისუფლეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები