ბულგარეთში ევროზონაში გაწევრიანების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ და ევროკომისიის ადგილობრივ ოფისზე იერიშის მიტანა სცადეს.
პრორუსული პარტიის, „აღორძინების“ მხარდამჭერებმა შენობას წითელი საღებავი, პეტარდები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს და შესასვლელ კარს ცეცხლი წაუკიდეს, სანამ პოლიციამ ისინი ადგილს მოაცილა.
მომიტინგეები ბულგარული ლევის ჩანაცვლებისა და ოფიციალურ ვალუტად ევროს მიღების გეგმას აპროტესტებენ.
აქციები ბულგარეთის ცენტრალური ბანკის წინ დაიწყო - მონაწილეებმა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ქრისტინ ლაგარდისა და სხვა მაღალჩინოსნების ფიტულებს ცეცხლი წაუკიდეს.
ზოგი მომიტინგე ბულგარეთის, საბჭოთა კავშირის ან აღმოსავლეთ გერმანიის დროშებს აფრიალებდა, ზოგს კი ეჭირა წარწერები - „ჩვენ ევრო არ გვინდა“.
როგორც გამოცემა Reuters პოლიციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, დაპირისპირებების შედეგად დაახლოებით 10-მა პოლიციელმა მცირე დაზიანებები მიიღო, დაახლოებით 6 ადამიანი კი დააკავეს.
მთავრობამ ევროკავშირის მისიის შენობაზე თავდასხმა დაგმო და განცხადებაში დაწერა, რომ მსგავსი თავდასხმები „მიუღებელია და კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება“.
შემთხვევას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც თავდასხმა დაგმო.
ბულგარეთის ახალმა მთავრობამ, რომელიც ოქტომბერში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ იანვარში დამტკიცდა, დაადასტურა ქვეყნის გადაწყვეტილება შემდეგ წელს ევროზონაში გაწევრიანების შესახებ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, როზენ ჟელიაზკოვმა თქვა, რომ 2025 წლის ბიუჯეტისთვის დაახლოებით 3%-ის ოდენობის ბიუჯეტი იქნება განსაზღვრული, რაც ბულგარეთს 2026 წლის 1 იანვრისთვის ევროს მიღების საშუალებას მისცემს.
ბულგარეთში ევროზონაში შესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა - „აღორძინება“ ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული სტატისტიკის სამსახურს მონაცემთა გაყალბებაში ადანაშაულებს და ევროს ოფიციალურ ვალუტად გამოცხადების შესახებ დებატების გამართვისკენ მოუწოდებს.