„მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, დილით მანქანა დაუზიანეს, შემდეგ კი უცხო პირები სახლში დაადგნენ.
„დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ესვრის ადამიანი ქვას განზრახ, სამჯერ, რომ საქარე შუშა ჩაამტვრიოს. 112-ს უკვე შევატყობინეთ. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ამავე კორპუსში ცხოვრობს და წვდომა აქვს როგორც უსაფრთხოების სისტემაზე, ასევე, სადარბაზოში შემოსასვლელ კოდებზე. მისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამიტომაც არის მოტივი გასაგები, რომ დაავალეს ამის გაკეთება!“, - წერს გელა მთივლიშვილი.
„დილით ვინც მანქანა დაგვიმტვრია, ახლა სახლში მომადგა და კარზე აბრახუნებს. არ ვუპასუხე. ისევ პარკინგზე ჩავიდა და ჩამოვვარდი შტატივით, რომ მანქანის დამტვრევა თუ სცადა, მოვიგერიო და თავიც დავიცვა. მთელი დღე ველოდი კრიმინალურ პოლიციას, რომელსაც პატრულმა ფაქტის დაფიქსირების შემდეგ საქმე გადასცა და არ მოვიდა არავინ. ახლა დამემუქრა კიდეც, ვითომ დანაშაულს ვაბრალებ. არადა, სახით მყავს იდენტიფიცირებული. ახლაც მოვიდა პატრული, იძახებს კრიმინალურ პოლიციას და არავინ მოდის. 39 სიცხით დამაწრიალებენ ასე“, - წერს მთივლიშვილი.