აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 27 იანვარს ხელი მოაწერა ოთხ აღმასრულებელ ბრძანებას, რომლებიც სამხედრო სფეროში სხვადასხვა ცვლილებებს მოიცავს. მათგან ერთ-ერთი აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერი პირების მსახურობის აკრძალვას ითვალისწინებს.
ტრამპის თქმით, მან აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ფლორიდიდან ვაშინგტონში დაბრუნების დროს, Air Force One თვითმფრინავის ბორტზე მოაწერა.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ იმ გენდერთან იდენტიფიცირება, რომელიც არ შეესაბამება პირის ბიოლოგიურ სქესს, „წინააღმდეგობაში მოდის ჯარისკაცის ვალდებულებასთან, იცხოვროს ღირსეული, მართალი და დისციპლინის მქონე ცხოვრების წესით, მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც კი“.
„ჩვენი ქვეყნისა და იმ პატრიოტი ამერიკელების საკეთილდღეოდ, რომლებიც მას ნებაყოფლობით ემსახურებიან, სამხედრო სამსახური უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მზადყოფნაში მქონე პირებისთვის. შეიარაღებულმა ძალებმა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები უნდა შეინარჩუნონ, რათა უზრუნველყონ ჩვენი სამხედროების განლაგება, ბრძოლა და გამარჯვება, მათ შორის მკაცრი პირობებში, რეგულარული სამედიცინო მკურნალობის ან სპეციალური პირობების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „აშშ-ის მთავრობის პოლიტიკა მიზნად ისახავს მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ჯარის მზადყოფნის, საბრძოლო ეფექტიანობის, ერთიანობის, პატიოსნების, თავმდაბლობის, ერთგვაროვნებისა და ღირსების კუთხით. ეს პოლიტიკა შეუთავსებელია გენდერული დისფორიით დაავადებული პირების სამედიცინო, ქირურგიულ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან. ეს პოლიტიკა ასევე არ არის თავსებადი ნაცვალსახელთა ცვალებად გამოყენებასთან ან ისეთი ნაცვალსახელების გამოყენებასთან, რომლებიც ინდივიდის რეალურ სქესს არ ასახავენ“.
ტრამპმა გასულ კვირას ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2021 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ტრანსგენდერ პირებს სამხედრო სამსახურის უფლება ეძლეოდათ, აუქმებდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ს ჯარში, დაახლოებით 15 000 ტრანსგენდერი პირი მსახურობს, რომლებსაც, ბრძანების თანახმად, სამედიცინო საფუძველზე გაათავისუფლებენ და სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად ჩათვლიან.
ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2019 წელს ძალაში შევიდა ბრძანება, რომლითაც ტრანსგენდერ პირებს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება აეკრძალათ, თუმცა, ბრძანება არ ვრცელდებოდა უკვე სამსახურში მყოფ პირებზე.