აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდების დროს, ბოლო 2 დღის განმავლობაში, დაახლოებით 1 000 მიგრანტი დააკავეს.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რეიდები ატლანტაში, პუერტო რიკოში, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესში, ოსტინ ტეხასსა და კოლორადოში ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე განაცხადა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს. მან აღმასრულებელი ბრძანებებით სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა და დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპი უკანონო მიგრანტების შვილებისთვის გააუქმა.
ამასთან, ტრამპის ინაუგურაციის წინ, რომელმაც პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე დაიწყებს არალეგალური ემიგრანტების მასობრივ დეპორტაციას, აშშ-მექსიკის საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
23 იანვარს, პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე 1 500 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის პროცესი დაიწყო, რათა ამერიკის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაზრდას შეუწყონ ხელი.