ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, 26 იანვარს კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
ეს დეპორტირებული მიგრანტების ფრენების მიღებაზე უარის თქმის მეორე შემთხვევაა ლათინურ ამერიკაში მას შემდეგ, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა.
კოლუმბიის პრეზიდენტმა X-ზე გავრცელებულ პოსტში მიგრანტების სამხედრო თვითმფრინავებით დეპორტაციის პრაქტიკა დაგმო და დაამატა, რომ მიგრანტებს ისე ეპყრობიან, როგორც კრიმინალებს.
მისი თქმით, დეპორტირებულ მიგრანტებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მათ ქვეყანაში სამოქალაქო თვითმფრინავებით ჩაიყვანენ. პეტრომ ასევე მიგრანტებისთვის ღირსებითა და პატივისცემით მოპყრობას გაუსვა ხაზი. მანამდე, აშშ-დან სამხედრო თვითმფრინავებით დეპორტირებული მიგრანტების მიღებაზე მექსიკამაც თქვა უარი.
ამასთანავე, 25 იანვარს ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრაზილიელების „დამამცირებელი მოპყრობა“ დაგმო მას შემდეგ, რაც აშშ-დან კომერციული თვითმფრინავით ჩაყვანილი დეპორტირებული მიგრანტები ბორტზე ხელბორკილებში იყვნენ. თვითმფრინავში 88 ბრაზილიელი მგზავრი, აშშ-ს 16 უსაფრთხოების აგენტი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო. ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ ქვეყნის მაღალჩინოსნებმა ხელბორკილების მოხსნის ბრძანება გასცეს.
დეპორტაციის მიზნით ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება პენტაგონმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა იმიგრაციაზე 20 იანვარს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ ორი მსგავსი ფრენა 24 იანვარს გვატემალაშიც შეასრულა.