ბელგრადში სტუდენტების ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციაზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა

ბელგრადში სტუდენტების ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციაზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა

18-01-2025, 14:15 - 2025
1 003
       

სერბეთის დედაქალაქში სტუდენტების ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციაზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. მოსახლეობა მთავრობას კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
 
გუშინ, 17 იანვრის საპროტესტო აქციის დროს მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ერთმა სტუდენტმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
 
18 იანვრის აქცია სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან გაიმართა. ამის მიზეზი ტელევიზიის რეპორტაჟი იყო, სადაც პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ბრალდება გააჟღერეს, რომ სტუდენტებს სერბეთში მთავრობის დასამხობად „უცხო ქვეყნების საიდუმლო სამსახურები“ აფინანსებენ.
 
სერბეთში საპროტესტო აქციები ნოემბრიდან მოყოლებული  მიმდინარეობს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეები მომხდარში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
 
აქციებზე განსაკუთრებით აქტიურობენ სტუდენტები. ბელგრადის, კრაგუიევაჩის და ნისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს ბლოკირებული აქვთ აუდიტორიები და ითხოვენ სადგურის გარემონტებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ტრაგედიაში პასუხისმგებელი პირების დასჯას.
 
აღნიშნული რკინიგზის სადგური 2021 და 2024 წლებში გარემონტდა. სერბულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის სააგენტოს თქმით, ჩამონგრეული ბეტონის ჭერი აღნიშნული სარემონტო სამუშაოების განმავლობაში არ განახლებულა. ის 1964 წელს ააშენეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები