სომხეთმა და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება დადეს.
დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს. ხელის მოწერის ცერემონია აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში შედგა.
ცერემონიაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება სომხეთისა და აშშ-ს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია.
„ჩვენ ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. ეს კომისია სამუშაო ჩარჩოს მოგვცემს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა მრავალ საკვანძო სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სამართლიანობის, ინკლუზიისა და კომუნიკაციის საკითხებში“, - განაცხადა ბლინკენმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ბოლო წლებში აშშ-სა და სომხეთის ურთიერთობები, საზიარო ღირებულებებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„სომხეთისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარტერი მყარ საფუძველს აძლევს და ხდის ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს. ის ფარას მრავალ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, ეკონომიკური და ენერგო კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციების გაუმჯობესებას, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას“, - განაცხადა მირზოიანმა.