რუსეთის საზღვართან ნატო-ს 4 ათასამდე ჯარისკაცი წვრთნებს ატარებს

რუსეთის საზღვართან ნატო-ს 4 ათასამდე ჯარისკაცი წვრთნებს ატარებს

20-11-2024, 14:35 - 2024
2 303
       

ნატო-ს ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობს ფინეთის არქტიკულ ზონაში მიმდინარე ფართომასშტაბიან საარტილერიო წვრთნებში, რასაც ზოგიერთი, უკრაინის ომის ფონზე, რუსეთისთვის განკუთვნილ შეტყობინებად მიიჩნევს.
 
ეს სწავლება, სახელწოდებით „დინამიური ფრონტი 25“, არის ნატო-ს უდიდესი საარტილერიო წვრთნების ნაწილი, რომელიც ოდესმე ჩატარებულა ევროპაში. სამხედრო სწავლებები ესტონეთში, გერმანიაში, რუმინეთსა და პოლონეთშიც იმართება, რომელშიც დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.
 
ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი, იოელ ლინაინმაკი მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანი წვრთნები ერთგვარ გზავნილად უნდა ჩაითვალოს რუსეთისთვის, რომელთანაც ფინეთს 1 340-კილომეტრიანი (830 მილი) საერთო საზღვარი აქვს.
 
„ნატო-ს ეს წვრთნები აჩვენებს სხვა ქვეყნებს, ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, რუსეთს, რომ ალიანსი ერთიანია და თავისი წევრების დაცვა შეუძლია“, - განაცხადა მან.
 
ეს წვრთნები არის პირველი ფართომასშტაბიანი მანევრები, რომელიც ფინეთში მას შემდეგ ტარდება, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ სკანდინავიურმა ქვეყანამ სამხედრო მიუმხრობლობის კურსზე უარი თქვა და გასულ წელს ნატო-ს შეუერთდა. ამ ნაბიჯმა აღაშფოთა მოსკოვი, რომელიც ნატო-ს ნებისმიერ გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება.
 
ფინეთში „დინამიური წვრთნები 25“-ის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი იანე მაკიტალო ამბობს, რომ რადგან ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრები არიან, სწავლების მთავარი მიზანი ალიანსის საარტილერიო დანაყოფების ოპერატიული თავსებადობის სრულყოფა და განვითარება, ასევე მკაცრი არქტიკული პირობებისთვის ჯარების მომზადებაა.
 
„ეს არის სიგნალი, რომ შეგვიძლია ერთად ვივარჯიშოთ და ჩვენი საშუალებები განვავითაროთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
 
„არტილერია ბრძოლის ველის მეფეც არის და დედოფალიც, როგორც ამაში უკრაინაში ბრძოლების გამოცდილებიდან დავრწმუნდით“, - აღნიშნა მაკიტალომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები