გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელის ჯარისკაცები სამხრეთ ლიბანში წინსვლასთან ერთად, დიდი რაოდენობით რუსულ შეიარაღებას პოულობენ, რაც ადასტურებს ისრაელის დიდი ხნის ეჭვებს, რომ ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაცია საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებას თანამედროვე რუსული საბრძოლო მასალებით ახერხებს.
არაბი და სირიელი მაღალჩინოსნების თქმით, ზოგიერთი იარაღი, როგორიცაა 2020 წელს დამზადებული თანამედროვე Kornet-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, სამხრეთ ლიბანში მეზობელ სირიაში არსებული რუსული იარაღის საწყობებიდან მოხვდა.
WSJ-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის სამხედრო ლიდერებმა იცოდნენ ჰეზბოლას მიერ რუსული შეიარაღების გამოყენების შესახებ, მათ არ შეეძლოთ ტერორისტული დაჯგუფების შესაძლებლობების სრული მასშტაბების შეფასება. ისრაელის ინფორმაციით, ჰეზბოლა უფრო მოძველებულ, ზოგიერთ შემთხვევაში საბჭოთა პერიოდის რუსულ საბრძოლო მასალებს ფლობდა, თუმცა, ის რუსული შეიარაღება, რომელსაც ისრაელი ახლა პოულობს, უფრო ახალი და ბევრად განვითარებულია. მათი რაოდენობა ასევე აღემატება იმას, რასაც სამხედრო ანალიტიკოსები ელოდნენ.
ანალიტიკოსების თქმით, რუსულმა შეიარაღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჰეზბოლას უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ისრაელის არმიას მას შემდეგ, რაც ისრაელის იერიშების შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთა უმეტესობა განადგურდა.
„ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, როგორიცაა Kornet-ი, ჰეზბოლას არსენალში ყველაზე ეფექტურ იარაღს შორისაა, და მათი გამოყენებით მრავალი ისრაელელი ჯარისკაცი იყო მოკლული“, - წერს WSJ.
გამოცემის ცნობით, აღმოჩენილმა შეიარაღებამ ისრაელში გააღრმავა შიშები, რომ რუსეთი ჰეზბოლასთან ურთიერთობის გაღრმავების პროცესშია, მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, რომ იგი ისრაელსა და მის მეზობლებს შორის კონფლიქტში მხარეებს არ ირჩევს.
მანამდე, ოქტომბრის თვეში, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ბაზების ძიების დროს ისრაელის ძალებმა თანამედროვე რუსული შეიარაღება აღმოაჩინა.
ინტერვიუში, რომელიც Le Figaro-მ დღეს გამოაქვეყნა, ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ 2006 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ფარგლებში ლიტანის მდინარის სამხრეთით შეიარაღების ქონის უფლება მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა.
თუმცა, ნეთანიაჰუს თქმით, "ამ ტერიტორიაზე ჰეზბოლამ ასობით გვირაბი და ფარული მარაგი გათხარა, სადაც ჩვენ [ისრაელმა] ახლახან გარკვეული რაოდენობის თანამედროვე რუსული შეიარაღება აღმოაჩინა“.