აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
მისი თქმით, რუსეთი ცალსახად აჩვენებს, რომ უკრაინაში შეჭრას იწყებს და დიპლომატიას უარყოფს, შესაბამისად, ამ შეხვედრას ამჯერად აზრი აღარ ექნებოდა.
„გასულ კვირას დავთანხმდი შევხვედროდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიმდინარე კვირაში, 24 თებერვალს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა, როცა ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა აშკარად აჩვენა დიპლომატიის უარყოფა, ამჯერად ამ შეხვედრას აზრი არ აქვს. კონსულტაცია მქონდა ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ყველა თანხმდება. დღეს მე გავუგზავნე წერილი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, სადაც ვაცნობე ამის შესახებ“, - განაცხადა ბლინკენმა.