პუტინის მიმართვის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით დაეცა

პუტინის მიმართვის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით დაეცა

22-02-2022, 10:41 - 2022
891
       

ვლადიმერ პუტინის მიმართვის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებელი უდიდესი დღიური ვარდნაა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

the wall street journal-ის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე, რუსული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა. კერძოდ, რუსეთის წამყვანი ნავთობკომპანიის „როსნეფტის“ აქციების ღირებულება ორშაბათს საღამოს 20%-ით დაეცა. ასევე, დაახლოებით 16%-ით შემცირდა „გაზპრომის“ აქციების ფასიც. 

მედიის ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების ფონზე რუბლი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 3%-ით გაუფასურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნავთობის ფასები გაიზარდა, რადგან ინვესტორები მოსკოვსა და დასავლეთს შორის ესკალაციის ნიშნების გამო ღელავენ და გარკვეული მოლოდინები არსებობს.

ბრიტანული საინვესტიციო ბანკის, Peel Hunt-ის მთავარი მკვლევარი, ჩარლს ჰოლი „ფაინენშალ თაიმსთან“ ამბობს, რომ რუსული კომპანიების აქციების გაუფასურება აჩვენებს, რომ დასავლეთის მოსალოდნელი სანქციები რუსული კომპანიების წინააღმდეგ პრობლემატური იქნება ინვესტორებისთვის.

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ორშაბათს S&P 500-ის ფიუჩერსები თითქმის 1,3%-ით, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული Nasdaq 100-ის კონტრაქტები 1,9%-ით, ხოლო Dow Jones Industrial Average-ის ფიუჩერსები 0,9%-ით დაეცა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები