ზუსტად 2 წლის წინ, 1-ლი ოქტომბრის დილას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველოში დაბრუნდა.
მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა უკვე ბათუმიდან.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მთელი დღის განმავლობაში დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ იყო და ვერ შემოვიდოდა, რადგან მას საზღვარზე დააკავებდნენ.
1-ლი ოქტომბრის დილით გავრცელებულ განცხადებაში შსს ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს საზღვარი არ ჰქონდა გადმოკვეთილი.
მხოლოდ დღის ბოლოს, შს მინისტრ გომელაურთან და სუს-ის უფროს ლილუაშვილთან ერთად, ბრიფინგზე გამოსულმა ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო.
მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს.
მოგვიანებით, მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქმე აღძრა.
ასევე, დააპატიმრეს ყველა, ვინც მას ქვეყანაში შემოსვლაში დაეხმარა.
20 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მან იმავე საღამოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღეს გაგრძელდა.
მესამე პრეზიდენტის ექიმების, თანაპარტიელების, სხვა ოპოზიციონერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ ჩქარობდა.
ხელისუფლების პირველი პირები ამტკიცებდნენ, რომ ის არ შიმშილობდა.
საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის 39-ე დღეს, 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაიყვანეს. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები პენიტენციურმა თავადვე გაავრცელა.
კადრებში ჩანს, ბადრაგებისა და ესკორტის თანამშრომლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა.
მესამე პრეზიდენტი, მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებდნენ.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გლდანში კიდევ უფრო დამძიმდა.
მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა 18 ნოემბრის საღამოს. მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის 49-ე დღეს, ადვოკატების თანდასწრებით გონება დაკარგა.
ამის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაეყვანა.
მიხეილ სააკაშვილი მისივე აშენებულ სამედიცინო დაწესებულებაში შიმშილობის 50-ე დღეს, 20 ნოემბრის გვიან ღამით გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა.
30 დეკემბერს, სააკაშვილი ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით, არ უმჯობესდებოდა.
მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს ისევ შიმშილობა დაიწყო. მან ამის შესახებ მისივე სასამართლო სხდომაზე გააკეთა განცხადება.
რიგით მეორე შიმშილობა 20 დღე გაგრძელდა. 10 მარტს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების თხოვნით, მესამე პრეზიდენტმა პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად აქციები იმართებოდა როგორც რუსთავის, ისე გლდანის დაწესებულებებთან, ასევე გორის ჰოსპიტალთან.
მაისში, მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.