აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 150 000 ჯარისკაცი განათავსა. მათ შორის დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი მონაწილეობს ბელორუსში სამხედრო წვრთნებში.
როგორც გამოცემა „ბიბისი“ წერს, აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთს უკრაინაში „ნებისმიერ დროს“ შესაჭრელად ჯარი მზად ჰყავს, თუმცა რუსეთი უარყოფს, რომ გეგმავს თავდასხმას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სანამ ფართომასშტაბიანი წვრთნები გრძელდებოდა, სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ჯარისკაცმა დაასრულა წვრთნები და დაბრუნდა მუდმივ ბაზაზე, თუმცა ნატოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან დეესკალაციას ადგილი არ ჰქონია.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ რუსი სამხედროების რაოდენობა უკრაინის საზღვარზე 147 000 შეადგენს, მათ შორის საჰაერო და საზღვაო პერსონალიცაა.
რეგულარული რუსული ჯარების გარდა, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში დაახლოებით 15 000 რუსი სეპარატისტია. უკრაინა მიიჩნევს, რომ სამხედროების რაოდენობა ამ რეგიონებში უფრო მეტია.