„სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალურად არჩეული პრეზიდენტი, მას ვალდებულება აქვს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
გიორგი მუმლაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პერმანენტული აქციების ეპიცენტრად იქცეს.
„ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო დაკარგავს ევროინტეგრაციის შანსს. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, ბოლომდე ვიბრძოლოთ და სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, რომ არ გაბედოს და არ იყოს სრულად იმ გეგმის მონაწილე, რასაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ჰქვია. გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია და სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილს უნდა ვაიძულოთ, რომ მან გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და არ გვაქციოს „კანიბალების საზოგადოებად“. ამიტომ, 22 დეკემბრისთვის ვახდენთ მაქსიმალურ მობილიზებას იმისათვის, რომ სწორედ ეს სივრცე გახდეს პერმანენტული აქციების ეპიცენტრი“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.