ირანმა ორ თვეზე მეტი ხნის საპროტესტო აქციების შემდეგ, „მორალის პოლიცია“ გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
„მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან და გაუქმდა“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა საინფორმაციო სააგენტო ISNA- თან.
ირანში „მორალის პოლიციის“ ქვედანაყოფებმა პატრულირება 2006 წელს დაიწყეს. მორალის პოლიცია, შეიქმნა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის დროს, რათა ქალებში გაევრცელებინა „მოკრძალებისა და ჰიჯაბის ტარების კულტურა“.
მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ირანი ასევე აცხადებს, რომ განიხილავს ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს. ამის შესახებ ინფორმაციას კი, The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი გადახედავენ ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს. გადაწყვეტილება უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს, რომელიც ირანში 2 თვეზე მეტია გრძელდება.
„პარლამენტიც და სასამართლო სისტემაც მუშაობენ [საკითხზე] იმის შესახებ, სჭირდება თუ არა კანონს რაიმე ცვლილება... მიმომხილველი ჯგუფი ოთხშაბათს შეხვდა პარლამენტის კულტურის კომისიას და შედეგებს იხილავთ ერთ-ორ კვირაში“, - განაცხადა ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა.
ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის „მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.