2016 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუთაისური კლუბი აუქციონზე მიზერულ თანხად გაასხვისა. აუქციონი ქართველმა ბიზნესმენმა, ზაალ ჩაჩავამ მოიგო და კლუბში პრეზიდენტად დაინიშნა.
ამავე წლის 31 მაისს, თბილისში, ნ. ნიკოლაძის #5-ში, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება შპს „ინთერნეიშენალ სოქერ ჰაუსი“. კომპანიის დირექტორად ჩინეთის მოქალაქე, ვინმე ქსინფუ ვანგი ინიშნება.
„დეილიინფო“ არკვევს, რომ ქსინფუ ვანგი ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე განთავსებულ კომპანია „ჰუალინგთან“ მჭიდრო კავშირშია.
ზაალ ჩაჩავას მოსვლიდან დაახლოებით ერთ წელში, 2017 წლის 12 ივლისს, ქუთაისის „ტორპედოს“ 100%-იან აქციებს შპს „ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსი“ იფორმებს და გუნდის ინვესტორი ხდება.
კომპანიას სამი მეწილე ჰყავს - ქსინფუ ვანგი, მალხაზ ჩაჩავა (ზაალ ჩაჩავას მამა) და გიორგი საგანელიძე.
ქსინფუ ვანგი 2016 წელს კომპანიის 60%-ის მფლობელი იყო, თუმცა შპს-ს გუნდში გამოჩენის შემდეგ, ჩინელმა ბიზნესმენმა ქუთაისური კლუბის პრეზიდენტის მამას აქციების ნახევარი გადაულოცა და მხოლოდ 30% დაიტოვა.აღნიშნული ფაქტი ბევრ ინტერესს ბადებდა, რატომ დათმო ჩინელმა ბიზნესმენმა აქტივების ნახევარი კომპანიაში.
„დეილიინფომ“ გაარკვია, რომ გუნდში ერთადერთი ინვესტორი მხოლოდ ქსინფუ ვანგი იყო, რომელიც „ტორპედოს“ ყველანაირ ხარჯს ანაზღაურებდა, თუმცა ფინანსური დარიცხვები კომპანიის სახელით ხდებოდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩინელი ბიზნესმენი შპს „ინთერნეიშენალ სოქე ჰაუსსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ მოტყუებით მოიყვანეს.
მას ზაალ ჩაჩავა ინვესტირების სანაცვლოდ, ქუთაისში მიწის ნაკვეთების მიღებას დაჰპირდა, აღნიშნული საკითხი კი ქუთაისის მერიას უნდა მოეგვარებინა.
მოტყუებული ბიზნესმენი საქმიდან 2019 წელს გადის და ქუთაისის „ტორპედოს“ ფინანსური პრობლემები ეწყება, ხოლო შპს „ინთერნეიშენალ სოქერ ჰაუსი“ ფორმალურ ინვესტორად რჩება. ქალაქში „ტორპედოს“ გულშემატკივრები უწყვეტ აქციებს იწყებენ და მერიას რეაგირებას სთხოვენ.
აღნიშნული პრობლემა ქუთაისის მერიისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა რეაგირება ზედმეტად დაგვიანებული.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ზაალ ჩაჩავას ძლიერი კავშირების გამო, მხოლოდ აუქციონის დავალიანებაზე უჩივლა და ბიზნესმენს, რომელმაც მილიონები მოიპარა, რამდენიმე ათას ლარიანი დავა მარტივად მოუგო. ქუთაისის მერიის შიშიც ლოგიკური იყო - ქართველ ბიზნესმენს ზურგს ფარცხალაძე და მისი გარემოცვა უმაგრებს, ჩაჩავა არც მმართველი პარტიის მხარდაჭერას უჩივის.
2019 წლის მიწურულს ადგილობრივი ხელისუფლება და ფეხბურთის ფედერაცია ერთხმად ამბობს, რომ გუნდით იტალიელი ინვესტორი ინტერესდება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გულშემატკივრებში ახალი იმედი ჩნდება, რითაც თვითმმართველი ქალაქი გულშემატკივრების პროტესტს დროებით აჩერებს.
ტყუილებით მოყვანილ „ინვესტორს“ ტყუილებითვე იცილებენ და ისევ ტყუილებს აგრძელებენ. ქუთაისის მერიის „ბლეფი“ ჩვენთვის არც თუ ისე რთული გამოსააშკარავებელი იყო.
2020 წლის დასაწყისში ფაბრიციო მანინო ქუთაისში ჩადის და საჯაროდ, ინტერვიუში აცხადებს - „აქ ვარ ქუთაისის „ტორპედოს“ გამო, რათა შევისყიდო წილები და გადავიბარო მენეჯმენტი“.
მაშინ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იყო, რომელმაც ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პრობლემა გადაჭრილი იყო და კლუბს ინვესტორი ძალიან მალე ეყოლებოდა.
გუნდის გადაცემის პროცესი დროში იწელება, ფაბრიციო მანინო დავალიანების ნაწილს იხდის, „ტორპედოს“ ახალი სეზონისთვის ამზადებს და ქრება. ესეც კიდევ ერთი მორიგი საეჭვო ფაქტი.
ქუთაისის მერია ჩვეულ „რეჟიმს“ უბრუნდება და ჭორებს დროულად ავრცელებს, რომ თურმე მანინო უბრალოდ ინვესტორების წარმომადგენელი იყო და ახლა მოლაპარაკების ეტაპმა იტალიური კომპანიის ხელმძღვანელობასთან გადაინაცვლა.
იტალიური კომპანია „ქოფიმა“, რომლის ხელმძღვანელებთანაც მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს, 2014 წელს საქართველში დაარსდა და ქართული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. უფრო მეტიც შპს-ს დირექტორი და 95%-ის მფლობელი ფაბრიციო მანინოა, რომელიც არა იტალიის, არამედ გაერთიანებული ემირატების მოქალაქეა.
იმის გარდა, რომ კომპანია არც იტალიურია და არც ყველასთვის უცნობი, ლუკა თორი, მიჩელე ფორლანი და მარსიო მალავენტურა არსად ფიქსირდებიან. შპს ვინმე კოპალიანის საცხოვრებელ სახლშია დარეგისტრირებული. ვინმე კოპალიანს კი მისივე საცხოვრებელ სახლში, კიდევ ერთი მსგავსი კომპანია აქვს დარეგისტრირებული და ორი იტალიელი მეწილე ჰყავს.
„დეილიინფო“ კიდევ ერთ საინტერესო დეტალს არკვევს. მანამ, სანამ ქუთაისში „იტალიური ოცნება“ დაიწყებოდა, იტალიელი ინვესტორები ბათუმში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა შეთანხება არ შედგა. დაახლოებით ერთ-ორ თვეში კი, ქუთაისში იტალიელ ინვესტორებზე საუბარს იწყებენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ფაბრიციო მანინომ კლუბში თანხა ნამდვილად დახარჯა, გუნდმა ეკიპირების შეძენა, მომზადება და ფეხბურთელების დამატება შეძლო, რამაც გუნდს ჩემპიონატის დაწყების საშუალება მისცა, მაგრამ შუა სეზონში ფინანსური კრიზისი ისევ დაიწყო, პანდემიის პერიოდში განახევრებული ხელფასები დაგვიანებით ირიცხებოდა.
2020 წლის ოქტომბერში „ტორპედო“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ედო ბადალაშვილმა დატოვა, მაშინ ჩვენთან საუბრისასაც განაცხადა, რომ ფაბრიციო მანინო კლუბში არსებულ სიტუაციას მის სასიკეთოდ იყენებდა.
2021 წლის ჩემპიონატს ქუთაისური გუნდი დავალიანების გარეშე შეხვდება, თუმცა „დეილიინფოს“ ინფორმაციით, „ტორპედოს“ ანგარიშზე თანხა აღარ არის. გუნდს მალე წამყვანი ფეხბურთელებიც დატოვებენ და დიდი ალბათობით წელს ქუთათურები ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებით ითამაშებენ.
გარდა იმისა, რომ გიორგი ჭიღვარიამ და მისმა გუნდის წევრებმა ფარცხალაძის შიშით ქუთაისის „ტორპედო“ ერთხელ უკვე გაწირეს, დღეს დიდი ისტორიის მქონდე გუნდის მომავალი ისევ ბუნდოვანია...