2026 წლიდან სიგარეტზე ფასი გაიზრდება | ახალი კანონი

2026 წლიდან სიგარეტზე ფასი გაიზრდება | ახალი კანონი

გუშინ, 22:31 - 2025
72
       

2026 წლის 1 იანვრიდან, „ქართული ოცნება“ იმპორტულ სიგარეტზე აქციზის ფასს კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე ზრდის - საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი არიან. 


პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

„კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა. აღნიშნულის მისაღწევად კი საჭიროა ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) აქციზის განაკვეთის შემცირება. გარდა ამისა, ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილებაც“, - წერია კანონპროექტის განმარტებითბარათში.

კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადი მცირდება და 1.9 ლარის ნაცვლად, 1.3 ლარით განისაზღვრება. დოკუმენტის მიხედვით, ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე შეღავათი პირველ 35 მილიონ კოლოფზე გავრცელდება, რის შემდეგაც სტანდარტული ტარიფი იქნება.

კანონპროექტით ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილში, კერძოდ:

• 2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე 1.3 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით; 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ასევე იმპორტირებული სიგარეტები დაიბეგრება 20 ღერზე 2.75 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით.

• 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი. ხოლო ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები