ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვით, ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ.
გაბუნია ამბობს, რომ მიუხედავად ონლაინკლინიკების რაოდენობის ზრდისა, უკეთესი იქნება, კოვიდით ინფიცირებული პაციენტი თავის ოჯახის ექიმს დაკავშირდებოდეს.
„ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.