„ჩვენთვის მთავარია ის არგუმენტი, რის გამო არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული, ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, „გადაუდებელი მოსაზრების" გამოქვეყნებას.
როგორც სარჯველაძე აცხადებს, სამართლებრივი, წონადი არგუმენტაცია კანონპროექტის განხილვის პროცესში არც ოპონენტების და არც პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც კანონპროექტს ვეტო დაადო, არ ყოფილა.
„ოპონენტები ამ თემის ირგვლივ პოპულისტური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცდილობდნენ პიარული ხერხებით გაელანძღათ ის იდეა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტით, თუმცა სამართლებრივი, წონადი არგუმენტაცია კანონპროექტის განხილვის პროცესში არ ყოფილა. მოგვიანებით, როდესაც პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადო „პოლიტიკური მოტივებით“ ახსნა. თუმცა, მოტივირებული შენიშვნა იქ მოცემული არ არის. ახლაც, როდესაც ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ ეს დასკვნა და შეფასება, იქაც არაა მითითებული სამართლებრივი არგუმენტები. აქცენტი გაკეთებულია კანონპროექტის სწრაფად განხილვაზე, თუმცა, აქაც ვერ გავითვალისწინებ კრიტიკას ვერც ერთ შემთხვევაში და ვერ დავეთანხმები, რადგან კანონპროექტს პარლამენტმა არცთუ ისე ხანმოკლე დრო დაუთმო. კიდევ ვნახავთ ყურადღებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ამ საკითხების ირგვლივ. მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის არგუმენტი, რის გამო არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული, ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია“, - განაცხადა სარჯველაძემ.