გოგაშვილისა და გომელაურის საუბრის ჩანაწერი გააქრეს - პენიტენციური ამტკიცებს, რომ ციხეში კამერები გაფუჭდა

გოგაშვილისა და გომელაურის საუბრის ჩანაწერი გააქრეს - პენიტენციური ამტკიცებს, რომ ციხეში კამერები გაფუჭდა

24-08-2022, 21:37 - 2022
537
       

სახალხო დამცველის ინფომაციით, მათ მოითხოვეს N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, სახალხო დამცველს პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, რომ 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, მე-12 ციხეში, მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც ომბუცმენის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა. 

იოსებ გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით 2022 წლის 11 აგვისტოს გააკეთეს განცხადება. მათი ცნობით, გოგაშვილს სააბაზანო ოთახში, შინაგან საქმეთა მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ. 

აღნიშნული ინფორმაცია ბრალდებულმა დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პირადი გასაუბრების დროსაც და მიუთითა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები 2022 წლის 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს წერილით სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხის სანდოობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. 

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მოცულობის ამსახველი ვიდეო კამერების ჩანაწერების დაარქივება (კონკრეტულ თარიღებში იოსებ გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტი, საკანი, საერთო სივრცე, კორიდორი) მოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად კი, როგორც ჩანს, N12 დაწესებულების ვიდეო მეთვალყურეობის ჩამწერი სისტემის დიდი ნაწილი ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციური დაწესებულების მართვის ეფექტიანობას და პატიმართა უსაფრთხოებას. 
 
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს ხსენებულ პერიოდში N12 დაწესებულებაში არსებული ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ იოსებ გოგაშვილის ბრალდების საქმის მასალების სრულფასოვნად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველმა საგამონაკლისო დაშვების თხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს. სამწუხაროდ, გენერალური პროკურატურის 2022 წლის 23 აგვისტოს №13/53158 წერილით სახალხო დამცველის აპარატს უარი ეთქვა მასალების გაცნობაზე. ამრიგად, სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მოახდენს“
, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი თქმით, ის ციხის საშხაპეში 4-ჯერ გაიყვანეს, სადაც სუს-ის ყოფილ შეფსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის საუბარი შედგა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მუქარას გომელაურის მხრიდან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები