დამოუკიდებელი ტელეარხი „კავკასია“, რომელიც ბოლო ათეული წლებია მაუწყებლობს, გადარჩენისთვის იბრძვის.
ამაზე საუბარია ტელეკომპანიის გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც მხარდამჭერებს დახმარებისთვის მიმართავენ.
„წლების მანძილზე ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია. ვცდილობდით არ ვყოფილიყავით მუდმივად გადარჩენის ზღვარზე, და გვეფიქრა განვითარებაზე, თუმცა, სამწუხაროდ დღეს არასახელისუფლო მედიას საქართველოში ისევ გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.
დღეს ჩვენ გვიწევს მოგმართოთ მხარდაჭერის და ფინანსური თანადგომისთვის, რომ გადავრჩეთ და განვვითარდეთ. ამ დროისთვის ტელეკომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია, რაც მის არსებობას რეალურ საფრთხეს უქმნის. ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რამაც გრძელვადიანად ჩვენი ფინანსური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს და მოგვცეს საშუალება შევქმნათ ძლიერი საინფორმაციო არხი“, - წერია განცხადებაში.
ტელეკომპანია „კავკასია“ ვებგვერდზე აქვეყნებს ანგარიშის ნომრებს, სადაც მსურველებს ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.
„კავკასია“ ერთადერთი არხი არ არის, რომელიც მაყურებელს დახმარებას სთხოვს. ფინანსური პრობლემები აქვს „მთავარ არხსაც“ - არხს, რომლის გენერალური დირექტორიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, პატიმრობაშია.