„საქართველო შორდება ევროკავშირს მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად“ - Le Figaro

„საქართველო შორდება ევროკავშირს მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად“ - Le Figaro

27-05-2022, 15:56 - 2022
557
       

„საქართველო შორდება ევროკავშირს მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად“ - ნათქვამია ფრანგული გამოცემა „ფიგაროს“ პუბლიკაციაში.
 
სტატიაში ვკითხულობთ:
 
ახლა, როდესაც დონბასში ბრძოლა ჯერ კიდევ მძვინვარებს, საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიებზე ომი სხვა გზებით გრძელდება. ვლადიმერ პუტინის ყოფილი ნომერი პირველი მტერი,  მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ თავისი ქვეყანა, საქართველო, იძულებითი, ფორსირებული რეფორმების წყალობით დასავლურ დემოკრატიულ ოჯახს მიაჯაჭვა, ნელი სიკვდილით  კვდება ციხეში 54 წლის ასაკში. მასთან დაახლოებული ადამიანების თქმით, ამ პატარა კავკასიური რესპუბლიკის ქარიზმატულმა და პროევროპელმა ექსპრეზიდენტმა შესაძლოა დიდხანს ვერ გაუძლოს არასათანადო მოპყრობას, რომლის მსხვერპლიც საპყრობილეში გახდა. მიშა სააკაშვილი, რომელსაც პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე დაუსწრებლად მიუსაჯეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის“ 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნებისთანავე დააკავეს. რეგიონის ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარი ალექსეი ნავალნისთან ერთად, საგრძნობლად დასუსტდა რამდენიმე შიმშილობისა და არასათანადო მოპყრობის გამო. საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრებისგან განდევნა ნებისმიერ ფასად სურს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ მის გადაყვანაზე უარს ამბობს. გარდა ამისა, მის შეწყალებაზე უარი თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა. ჩრდილში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა და კრემლთან დაახლოვდა, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას კულისებიდან ჩუმად მართავს და, როგორც ერთი ყოფილი ქართველი ოფიციალური პირი ამბობს, სწორედ მას აქვს შენახული სააკაშვილის საკნის გასაღები. 
2000-იან წლებში, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ახალ დასავლურ დემოკრატიაზე გადასული პატარა საქართველო ახლა კვლავ ბრუნდება მოსკოვის ორბიტაზე. ეს 2008 წლის ომისა და კრემლის მიერ ადგილობრივ ოლიგარქებსა და პოლიტიკურ ელიტაზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ მოხდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს „ნეიტრალიტეტი“ რუსეთის მიმართ ვლადიმერ პუტინის წინაშე თვითკმაყოფილების პოლიტიკად გადაიქცა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაეგმო და შეერთებოდა ევროპულ სანქციებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "არაეფექტური" უწოდა. ისინი მიესალმებიან რუსულ კომპანიებს, რომლებიც თბილისში ჩამოყალიბდნენ ევროპული სანქციების გვერდის ავლით. ისევე როგორც მოსკოვში, ძალაუფლების წრეები უკრაინაში „ომზე“ საუბარს საქართველოშიც ერიდებიან და კრემლის პროპაგანდას ეწევიან. უკავშირდება თუ არა საქართველოს მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადადგმული ნაბიჯები შიშს? ზოგიერთი შიშობს, რომ უკრაინაში წარუმატებლობის ან სამხედრო ჩიხის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინს ცდუნება ექნება, მოიპოვოს გამარჯვება სხვაგან, მაგალითად სამხრეთ ოსეთის პრორუსული სეპარატისტული ტერიტორიის ანექსიით. 
„საქართველოში ვლადიმერ პუტინისთვის გამარჯვება გაცილებით ადვილია. რუსეთის პრეზიდენტს არ სჭირდება თბილისში მარიონეტული ხელისუფლების დაყენება, ის უკვე ჰყავს. რუსეთს შეეძლო მთელი ქვეყნის დაპყრობაც კი გადაეწყვიტა, რადგან მაინც არავინ გაუწევს წინააღმდეგობას
“, - პროგნოზირებს ყოფილი ქართველი თანამდებობის პირი“, - წერს ფრანგული გამოცემა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები