ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კვლავაც პაციენტების ნაკადის მართვასა და ვაქცინაციაზე იმსჯელეს.
„საკოორდინაციო საბჭოზე დღეს კვლავაც გაკეთდა პაციენტების ნაკადების ეფექტურ მართვაზე. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 210 000-ს აღწევს. აქედან პაციენტების უდიდესი ნაწილი იმართება ბინის პირობებში. რაც შეეხება ვაქცინაციას, ის კვლავაც რჩება მთავარი მექანიზმი იმისა, რომ მოხდეს გავრცელების პრევენცია. გრძელდება წახალისების პროგრამა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სხდომის მიმდინარეობისას იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა იზოლაციის დღეების რაოდენობა კიდევ ერთხელ შემცირდეს, თუმცა ამ მიმართულებით საბჭომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე არ მიიღო.
„უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა ჯერ კიდევ რჩება 8 დღე. თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, რომლის მიხედვითაც, პირმა მეხუთე დღეს უნდა ჩაიტაროს ტესტირება და ეკონომიკური საქმიანობა პირბადის გამოყენებით გააგრძელოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.