საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინაშია, კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხატია დეკანოიძე ავრცელებს
„ამასობაში, გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა.
ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმე ომის პირობებში“, - წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ გია ლორთქიფანიძის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებას გამოძიება აქვს დაწყებული. მას ედავებიან მიხეილ სააკაშვილის დახმარებას, საქართველოში შემოსვლაში.
პროკურატურას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლებით აქვს აღძრული და ამტკიცებენ, რომ „გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა - თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა“.