ბურჭულაძე: დიდი საცობია რიკოტზე, დაველოდებით რეგიონებიდან ხალხს

ბურჭულაძე: დიდი საცობია რიკოტზე, დაველოდებით რეგიონებიდან ხალხს

4-10-2025, 18:29 - 2025
1 689
       

„გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია - რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ და ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ“, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, დღეს საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული კრება ჩატარდება და ხელისუფლება დაბრუნდება ხალხის ხელში.

„გეგმა არის დღეს, რომ უნდა მივიღოთ დეკლარაცია, ეს არის პირველი ეროვნული კრება, რაც ჩატარებულა საქართველოს ისტორიაში. ვიღებთ დეკლარაციას და ვიღებთ ხელისუფლებას ისევ ჩვენს ხელში და ამით ვისტუმრებთ სახლში უზურპატორ ივანიშვილს თავისი ამალით. ეს დღე უნდა იყოს და არის უკვე ისტორიული. რადგან ძალიან დიდი საცობებია რიკოთზე, ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით კიდევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნაკადი მოდის დასავლეთიდან და ამიტომ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ამასთან, პაატა ბურჭულაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

„მე ჩემს შვილიშვილთან ვარ აქ და ჩვენ არ ვართ აქ მოსული საბრძოლველად და ვიღაცისთვის რაღაცის გასაკეთებლად. ჩვენ ვართ მშვიდობიანად, მაგრამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო თითს დააკარებს ან ჩემს შვილიშვილს, ან იმის შვილიშვილს, ან იმის შვილს, ან ვიღაცას, სასტიკად ვუპასუხებთ ჩვენ. ხალხი ძალიან ფრთხილად იქცევა ამ მხრივ. ჩვენ ერთი საათით გადავდებთ კიდევ და 18:00 საათზე დავიწყებთ, იმიტომ რომ რეგიონებიდან ჯერ არავინ არ შემოგვერთებია, ძალიან ბევრი მანქანა შეყოვნდა რიკოთზე და შემდეგ გორიდან აქეთ. გამობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ დღეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს პირველი ეროვნული კრება, სადაც ჩვენ მივიღებთ დეკლარაციას - როგორც კი ხალხი მისცემს ხმას იმ დეკლარაციას, რასაც მე წავიკითხავ და შევთავაზებ მათ, იმ წუთიდან საქართველოს პატრონები ვიქნებით ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილს შეუძლია დროზე წავიდეს და დაგვანებოს თავი. არჩევნები იქნება დღეს აქ, ის არ არის არჩევნები, სხედან და თავის ჭიას ახარებენ ვიღაცები. არჩევნები არის აქ და აქ წყდება საქართველოს ბედი!“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები