„ჩვენი მთავარი მოტივაციაა, იმედი და რწმენა დავუბრუნოთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩემი მიზანიც ეს არის“, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
ირაკლი კუპრაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, 4 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.
„ამ 13 წლის განმავლობაში, ანტიქართული ოცნების პირობებში, საკმარისი იმედგაცრუება, კორუფცია და კრახი ვნახეთ ჩვენ გარშემო, დედაქალაქში და დედაქალაქს მიღმაც. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ იმედი და რწმენა დავუბრუნოთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩემი მიზანიც ეს არის. მე მათი წიაღიდან მოვდივარ, მათი თითოეული პრობლემა ჩემთვის პერსონალურადაც კარგად ნაცნობია. მინდა, მივმართო მოქალაქეებს, პრინციპი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არ დათმოთ და იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, იბრძოლეთ თქვენი შვილების მომავლისთვის, რომ ისინი ცხოვრობდნენ ჯანსაღ, დაცულ და უსაფრთხო გარემოში, კეთილდღეობაში და არა იმ ტყუილებში, რასაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენ გპირდებიან, შემდეგ უბრალოდ ავიწყდებათ და მომდევნო არჩევნებზე ისევ გპირდებიან. მოდით 4 ოქტომბერს არჩევნებზე, მხარი დაუჭირეთ ცვლილებას, გააფერადეთ 9 ნომერი“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.