13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.
ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, იერიშებისას მოკლული იქნა სულ მცირე ოთხი მაღალი რანგის გენერალი, ერთი პოლიტიკოსი და ორი მეცნიერი.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ამ დროისთვის შემდეგი გენერლების გარდაცვალება დაადასტურა: გენერალ-მაიორი ჰოსეინ სალამი - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური. ის IRGC-ს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და უშუალოდ ექვემდებარებოდა ირანის უზენაეს ლიდერ, აიათოლა ალი ხამენეის. გავრცელებული ინფორმაციით, სალამის ადგილი გენერალმა მოჰამედ პაკპურმა დაიკავა.
მოკლულ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის არის გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი, რომელიც 2016 წლიდან ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა. ბაღერი სირიაში ირანული ძალების მხარდამჭერ ოპერაციებშიც ფიგურირებდა. მისი ადგილი გენერალ-ლეიტენანტ აბდოლრაჰიმ მუსავიმ დაიკავა.
ბაღერთან ერთად მისი მოადგილე, გენერალი გოლამალი რაშიდიც დაიღუპა.
ისრაელის იერიშებს ასევე ემსხვერპლა ალი ხამენეის მრჩეველი და ბირთვული მოლაპარაკებების წამყვანი ფიგურა, ალი შამხანი, რომელიც 2013 წლიდან 2023 წლამდე ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა.
დაღუპულებს შორის არის IRGC-ს საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი, ამირ ალი ჰაჯიზადე. ის 2024 წლის აპრილში ისრაელზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმისა და 2020 წელს აშშ-ს ბაზაზე შეტევის მთავარი სტრატეგი იყო.
ისრაელის ცნობით, ჰაჯიზადე და ავიაციის სხვა მაღალი რანგის ოფიცრები მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრში ერთობლივად მოკლეს.
სამხედრო და პოლიტიკური ფიგურების გარდა, ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ფარგლებში ირანის ორი ბირთვული მეცნიერიც დაიღუპა.
მოკლულია ირანის ბირთვული ენერგიის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბბასი და თეორიული ფიზიკოსი და თეირანის ისლამური თავისუფალი უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მომჰამადი მეჰდი თეირანჯი.