გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმეზე ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მიზეზი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის ინტერვიუა, სადაც ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
„ჩემი პოზიციაა, რომ კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს ჩემი შვილის საქმეს და დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება მათივე უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთესად იცის რაც ხდება ზოგადად, ამ სისტემაში. უტყუარი ფაქტები მოიყვანა და ამიტომ აუცილებელია, რომ თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის განმარტებით, სერგო შუბითიძის სურვილია, რომ მან გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.