განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

2013-20 წლებში შპს „მინდელმა“ ტენდერების 65%-ში მასზე მორგებული პირობების გამო გაიმარჯვა - ფლანგვის დეტექტორი

2013-20 წლებში შპს „მინდელმა“ ტენდერების 65%-ში მასზე მორგებული პირობების გამო გაიმარჯვა - ფლანგვის დეტექტორი
24-11-2020, 16:38
ავტორი: მერი ტაბატაძე

2013-20 წლებში შპს „მინდელმა“ ტენდერების 65%-ში მასზე მორგებული პირობების გამო გაიმარჯვა და ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში 44 მილიონი ლარი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2011-12 წლებში ამ კომპანიას მხოლოდ 2 ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო 2013-20 წლებში 134 ტენდერი და 13 გამარტივებული შესყიდვა 168,658 ლარის ოდენობით. მოგებული ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვებით 2013-20 წლებში ამ კომპანიას სახელმწიფოსგან ჯამში 43,870,000 ლარი აქვს მიღებული.

„ხშირია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული სახელმწიფო ორგანოები აცხადებენ ტენდერებს, რომლის პირობებიც მორგებულია კონკრეტულ კომპანიებზე და სწორედ ამის გამო ისინი ხდებიან ამ ტენდერების გამარჯვებულები. ხშირია შემთხვევა როდესაც მორგებული პირობებით გამრჯვებული კომპანიები მმართველი პარტიის შემომწირველები ან მასთან დაკავშირებული პირები არიან.

შპს „მიმდემი“ დაარსდა 2011 წელს, მისი 100% წილს მფლობელი წყალტუბოს მკვიდრი, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, გზის მოასფალტება რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა და ა.შ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ფლანგვის დეტექტორში აცხადებენ, რომ მოგებული 136 ტენდერიდან 65%-ში ანუ 88 ტენდერში მან გაიმარჯვა ან უკონკურენტოდ (51) ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე (37). აღნიშნული გარემოება აჩენს ეჭვს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ტენდერების პირობები, რომლებშიც იმარჯვებს შპს მიმდემი, ან მორგებულია ამ კომპანიის ინტერესებს და მხოლოდ ის აკმაყოფილებს გამოცხადებული ტენდერის პირობებს, ან სხვადასხვა მიზეზით ხდება მისი კონკურენტების დისკვალიფიკაცია, რის შემდეგადაც ის ხდება ერთადერთი ან ყველაზე მისაღები პრეტენდენტი შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოსთვის.

„ერთ-ერთ ასეთ ტენდერს წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის მარტში გამოცხადებული 892,909-ლარიანი ტენდერი, წყალტუბოს რამდენიმე სოფელში გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციის შესახებ, რომელშიც 3 კომპანია მონაწილეობდა, შპს “ტობე”, შპს “მამისონი”, შპს “მიმდემი”. მათგან ყველაზე მაღალი ფასი შეთავაზებული ჰქონდა შპს მიმდემს (873,000 ლარი), ხოლო მამისონს და ტობეს შესაბამისად 785,663 და 724,000 ლარი.

ამ ტენდერში კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა შპს მიმდემმა ყველაზე მაღალი შეთავაზებული თანხით და საბოლოოდ მასთან გაფორმდა 873,000-ლარიანი ხელშეკრულება. შპს ტობეს დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა მის მიერ წაროდგენილი სამუშაოების შესრულების გრაფიკი, რომელიც 1 დღით აჭარბებდა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ 90 დღეს, ხოლო შპს მამისონის დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა მისი სატკეპნი მანქანების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხარვეზი, რა დროსაც შემსყიდველმა კომპანიის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე სატკეპნის ფლობის დოკუმენტაცია არ მიიჩნია ვალიდურად, ხოლო ერთზე, რომელიც ვალიდურად ჩათვალა თქვა, რომ ამ სატკეპნის სამუშაო მასა იყო არა 5,000 არამედ 2,500 კგ, საბოლოოდ კი ამ მიზეზით მოხდა მამისონის დისკვალიფიკაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
მოინახულეს 164-ჯერ
კომენტარები