მმართველი პარტია სოფელ კირბალში მომხდარ მკელელობას წინა ხელისუფლებას აბრალებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი და სხვები აცხადებენ, რომ ოკუპაცია და გუშინ ღამით მომხდარი მკლელობა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა.
„დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის იმ დანაშაულის შედეგი, რომელიც თქვენმა ბელადმა ჩაიდინა. სწორედ ის არის დანაშაული, რომ რუსეთს ოკუპაციის საშუალება მიეცი, მათ საოკუპაციო ხაზი გაუვლე, ადამიანები იმ ზონაში დატოვე, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და ხალხი დაახოცინე. აი, ეს არის დანაშაული“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ზოგადად, რთულია ხოლმე, რომ „საკითხები წარსულში განსაჯო, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა, ოკუპაციის სახით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევების რეალიზება არ მოხდეს, რაც უსაფრთხოების მხრივ დღესაც არსებობს. მთავარი პოლიტიკა, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება ატარებს, არის, ერთი მხრივ, იმის გააზრება, რომ საფრთხეები სერიოზულია. ყველა მოქალაქემ თვალი უნდა გაუსწოროს უსაფრთხოების იმ რისკებს, რაც საქართველოს აქვს. და მეორე, ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ოკუპაციამ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.