ნადირაძე - შეშინებული კახა კალაძე არ მოვიდა საკრებულოში და ამით საზოგადოებას დაემალა

ნადირაძე - შეშინებული კახა კალაძე არ მოვიდა საკრებულოში და ამით საზოგადოებას დაემალა
31-10-2022, 12:49 - 2022
291

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები დედაქალაქის მერ კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებენ.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს სხდომათა დარბაზში საერთო განცხადება გააკეთეს და იმ კითხვებზეც ისაუბრეს, რაც, მათი ინფორმაციით, კალაძისთვის უნდა დაესვათ.

„შეშინებული კახა კალაძე დღეს არ მოვიდა საკრებულოში და გაექცა ჩვენს მწვავე კითხვებს და ამით ის ფაქტობრივად, საზოგადოებას დაემალა. იმიტომ, რომ ეს კითხვები არსებობს საზოგადოებაში, რატომ გარდაიცვალა ანგელოზივით ბავშვი, მას შემდეგ, რაც მან ზარზეიმით, დაჩქარებული წესით შადრევანი გახსნა. ეს კითხვები აქვთ იმ მშობლებს, რომლებსაც უნდათ უსაფრთხოდ სკოლებში გაუშვან. ეს კითხვები აქვთ იმ ბებია-ბაბუებს, რომლებსაც უნდათ შვილიშვილები პარკებში და სკვერებში გაასეირნონ და მათ პარკებში მკვლელი შადრევნები არ დახვდეთ. ეს კითხვები ეხებოდა მერიაში გამეფებულ ტოტალურ კორუფციას, ნეპოტიზმს და მავნებლობას, რომელმაც ამ უბედურებამდე მიგვიყვანა, თუმცა კახა კალაძე რომ მოვიდოდა, ამის მოლოდინი არ გვქონდა. ყველა კითხვას ადამიანი ემალება და ვხედავდით ამ დროის განმავლობაში ოპოზიციის და ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებას და ზოგადად კრიტიკული და განსხვავებული აზრის მიმართ. ამ ქედმაღლობამ, ამპარტავნობამ კორუფციასა, ნეპოტიზმსა და უცოდინარობასთან ერთად მიგვიყვანა ამ დიდ ტრაგედიამდე. მას ჰქონდა შანსი, რომ ამ დიდი ტრაგედიის შემდგომ მაინც გაეკეთებინა სწორი დასკვნები და ანალიზი და ახლა მაინც დაფიქრებულიყო და ეთანამშრომლა ოპოზიციასთან, იმ ხალხთან, ვისაც წლების განმავლობაში ჰქონდა კრიტიკული მოსაზრებები და დამოკიდებულებები იმ კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებაშიც, რომელმაც ეს სამუშაოები უხარისხოდ განახორციელა. მთავარი კითხვა იყო კახა კალაძესთან, რამდენად უსაფრთხოა დღეს ქალაქში გადაადგილება და მის მიერ განხორციელებული ის პროექტები, რომლებიც დედაქალაქში მრავლად ჰქონდა განხორციელებული მის საყვარელ კომპანიას, რომელიც დღეს დადანაშაულებულია უდიდეს ტრაგედიაში“, - განაცხადა ნადირაძემ

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა