„развивающие занятия“ - ოკუპანტებმა ბათუმში რუსული სკოლა გახსნეს

„развивающие занятия“ - ოკუპანტებმა ბათუმში რუსული სკოლა გახსნეს
4-09-2022, 01:12 - 2022
481

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში რუსული კერძო სკოლა გაიხსნა, რომელშიც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოთი ასწავლიან. 

სკოლა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი სახელწოდებაა -  „School club georgia“, „სკოლის კლუბი", „развивающие занятия“.

სკოლის მასწავლებლები, ასევე დირექტორი, ნატალია გეორგიევა, კერძო საუბარში ადასტურებენ, რომ დაწესებულება არა სასკოლო კლუბი ან განმავითარებელი ცენტრი, არამედ  კერძო რუსული სკოლაა. 

სკოლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. 

თითოეულ კლასში 7, 8 ბავშვია, ხოლო სწავლა ბათუმში თვეში 750 ლარი ღირს, თბილისში - 800 ლარი ეღირება. საქართველოს დედაქალაქში, ანა პოლიტკოვსკაიას 6 ნომერში ოკუპანტების სკოლა წელს გაიხსნება. 

ამ დრომდე უცნობია, რა ფორმით არის რეგისტრირებული სკოლა საქართველოში და სკოლის დირექტორი, ნატალია გეორგიევა რომელი ქვეყნის მოქალაქეა - ამ კითხვებზე სკოლის წარმომადგენლები არ პასუხობენ.

გამოცემამ საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია და დაადგინა, რომ ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა, ხოლო 2019 წელს მას ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევა“ დაურეგისტრირებია.

სკოლის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერია, რომ  მოსწავლეებს სთავაზობენ:

  1. რუსულ ენაზე სწავლებას
  2. მოსკოვის სკოლასთან კავშირს
  3. გახანგრძლივებულ ჯგუფებს
  4. სადილს სკოლაში
  5. მრავალფეროვან აქტივობებს
  6. საზაფხულო ბანაკებს
  7. სკოლამდელი ასაკის ჯგუფებს
  8. სასკოლო ავტობუსით მომსახურებას

სკოლის ოფიციალური პარტნიორია რუსეთში მოქმედი ორგანიზაცია ЦПСО - საოჯახო განათლების მხარდამჭერი ცენტრია.

გამოცემამ საქართველოს განათლების სამინისტროს ჰკითხა, ხომ არ მიმართა სკოლამ სახელწოდებით – School club georgia ავტორიზაციისთვის. უწყებაში განმარტეს, რომ ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევას“ სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნით არ მიუმართავს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა