განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა

თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა
4-05-2021, 11:22
ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

თბილისში კიდევ ერთი მეწყერსაშიში ზონა გამოჩნდა. ამჯერად, საფრთხეში წყნეთის გზატკეცილის, 22 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა აღმოჩნდა, - აღნიშნულთან დაკავშირებით „დეილიინფოსთან“ კომენტარი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გააკეთა.

მისი თქმით, წყნეთის გზატკეცილზე არსებულ მეწყერს, გრუნტი გამაგრების გარეშე აქვს მოჭრილი. გოდოლაძის განმარტებით, მეწყერი მას შემდეგ გახდა ძვრადი, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

„აქ უკვე ყველაფერი უკანონო მშენებლობის ბრალია. აქაც მოჭრილია მეწყრის გრუნტი და მეწყერი უკვე დატვირთვას ვეღარ უძლებს. გრუნტი არის მოჭრილი გამაგრების გარეშე და შესაბამისად, მსგავს მეწყერსაშიშ ზონაში კიდევ კორპუსს, რომ ააშენებ, მეწყერი უკვე ​ძვრადი ხდება. რეალურად, ეს ადგილი საკმაოდ საშიშია მოსახლეობისათვის, რადგან ისეთ სიტუაციას ქმნიან ამ უკანონო და დანაშაულებრივი მშენებლობებით,რომ ერთი კორპუსი შეიძლება დაიძრას და დაეჯახოს მეორე კორპუსს“, - განაცხადა გოდოლაძემ.

თეა გოდოლაძემ „დეილიინფოსთან“ იმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, თუ რა შეიძლება გააკეთოს თბილისის მერიამ იმისათვის, რომ აღნიშნული პროცესი შეაჩეროს. მან აღნიშნა, რომ 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობა უნდა შეჩერდეს და აშენდეს მხოლოდ 3 ან 4 სართული.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობა და ეს პროცესი უნდა გაჩერდეს. კორპუსის მშენებლობა სამ სართულზე ან 4 სართულზე უნდა შეაჩერონ და კედელი გაამაგრონ“, - აღნიშნა გოდოლაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 21 480-ჯერ
კომენტარები